ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა, გარკვეული სახის ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, ფულად სანქციებს ითვალისწინებს.
აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილები, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები 800-დან 4000 ლარამდეა მერყეობს.
უფრო კონკრეტულად, კანონპროექტში ვკითხულობთ: „ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ აღნიშნული რეკლამის გამავრცელებელი მის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“.
პროექტის მიხედვით, იგივე ინფორმაციის არასრულწლოვანისთვის მიწოდება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირის − 3 000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ადრეული აღზრდისა, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი ინფორმაციის შეტანა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, იურიდიული პირის კი − 4 000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ცნობისთვის, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: – მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.
უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი „ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა“.