ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატია. ის ამბობს, რომ მზად არის და სურს, უკრაინაში ომი შეჩერდეს, ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დებატების დროს გაკეთებულ განცხადებას, რომ გამარჯვების შემთხვევაში „სწრაფად მოაგვარებს უკრაინის კონფლიქტს“.
„რა თქმა უნდა, არ ვიცი მისი შესაძლო შემოთავაზებები, როგორ აპირებს ამას, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, გულწრფელად ამბობს და ჩვენც მხარდაჭერას გამოვხატავთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, მან ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული დებატების ფრაგმენტებს უყურა, თუმცა თავიდან ბოლომდე არ უნახავს, რადგან საკუთარი საქმეც ბევრი ჰქონდა.
„ზოგადად, რა თქმა უნდა, ვუყურე, შეუძლებელია, ამისთვის თვალი აგერიდებინა. მით უმეტეს, რომ შეერთებული შტატები რჩება დიდ ძალად, კარგად ცნობილი შესაძლებლობებით ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხებში. აშშ გაერო-ს მუდმივმოქმედი წევრია. რა თქმა უნდა, მას აქვს გავლენა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადა პუტინმა.