რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასიური სარაკეტო დარტყმა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის დედაქალაქში შვიდი ადამიანი დაიღუპა, კრივოი როგში კი 10 ადამიანი. კიევში სერიოზულად დაზიანდა ქვეყნის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო.
“სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. გამოყენებულია 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“, – გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
თავდასხმის შედეგად დაინგრა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს “Okhmatdyt”. ეს არის ყველაზე დიდი ბავშვთა კლინიკა უკრაინაში.
უკრაინული მედია აქვეყნებს საავადმყოფოს დერეფანში ბავშვებისა და მათი დედების ფოტოებს. დაზიანებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, საოპერაციო ოთახები და ონკოლოგიური განყოფილება. შენობაში იყვნენ ბავშვები, რომლებიც დიალიზს იკეთებდნენ.
“ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები, დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნანგრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი“, – დასძინა მოგვიანებით ზელენსკიმ.
ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები კიევის სულ მცირე ოთხ რაიონში დაეცა.უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის დილის თავდასხმის შედეგად სულ 20-მდე ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში ბევრი დაღუპული და დაჭრილია. თავად დნეპერში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, განაცხადა მერმა ბორის ფილატოვმა. მამაკაცი გარდაიცვალა, ცნობილია ექვსი მსხვერპლი, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.